6/23/2010

ჩაკეტილი წრე


ფსიქიატრიული საავადმყოფოების დაფინანსება გაიზარდა, იქ არსებული პირობები კი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
"ამ ადამიანებს წლების განმავლობაში ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ყოფნა", - ასე შეაჯამა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. დაფლეთილი ლეიბები, ჟანგიანი საშხაპეები და ბინძური საპირფარეშოები ფსიქიატრიული დაწესებულებების პრობლემად რჩება. უცვლელია ფსიქიატრიული მკურნალობის მეთოდიც - რეაბილიტაციის ნაცვლად, პაციენტის იზოლირება.

ერთადერთი სიახლე ისაა, რომ 2010 წლის ივლისიდან ფსიქიკური აშლილობის შედარებით მსუბუქი შემთხვევებისას პაციენტებს საავადმყოფოში აღარ დააწვენენ. ფსიქიატრები მათ სახლში უმკურნალებენ.

სახალხო დამცველის მრჩეველი არჩილ თალაკვაძე, მეოთხე წელია, რაც დეტალურად სწავლობს ფსიქიკური მკურნალობის არაეფექტურობის მთავარ მიზეზებს. მისი აზრით, ამ სფეროს პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო აქამდე პაციენტებს მხოლოდ საბჭოთა ტიპის სტაციონარულ მკურნალობას სთავზობდა. ამ სისტემაში არ არსებობდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი - პაციენტის რეაბილიტაცია მკურნალობის დასრულების შემდეგ.

"ადამიანი ხვდება იმავე გარემოში, რომელშიც ფსიქიკური აშლილობა დაემართა, და სწრაფადვე ბრუნდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. რამდენჯერაც უნდა გაეწეროს, ის უკან დაბრუნებისთვისაა განწირული. უმრავლესობა ამ ჩაკეტილ წრეში მოძრაობს", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

რეაბილიტაცია შეამცირებდა იმ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც მხოლოდ იმიტომ რჩებიან სტაციონარში, რომ წასასვლელი არსად აქვთ. მათ დღეს იმავე გარემოში უწევთ ყოფნა და იმავე მეთოდებით მკურნალობენ, როგორც სხვა, უფრო მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს. არ ხდება პაციენტების დიფერენცირება; შესაბამისად, არ არსებობს თავშესაფრის ტიპის დაწესებულებები. ამგვარი თავშესაფრის შექმნის გეგმაც არ არსებობს.

ჩაკეტილი წრის გარღვევას შეეცდება ჯანდაცვის სამინისტრო თემზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდის დანერგვით. თუმცა, ამ პროგრამას ნაკლოვანებებიც აქვს. ის მხოლოდ თბილისის მოსახლეობას შეეხება და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მწირი ბიუჯეტით (ორასი ათასი ლარი ათ მილიონიანი ბიუჯეტიდან) ყველა პაციენტის დახმარება მოხერხდეს.

2006 წელს ფსიქიატრიული მკურნალობისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი იყო, გასულ წელს ეს რიცხვი დაახლოებით 9 მილიონ-ნახევრამდე გაიზარდა. თუ თავდაპირველად მხოლოდ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ფინანსდებოდა, გასული სამი წლის მანძილზე 70 ათასი ლარით დაფინანსდა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. თანხის სიმწირემ საერთო სურათი ვერ შეცვალა. არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. "თუ სამინისტრო ძირეულად არ შეიცვლის ხედვას, ბიუჯეტის შემდგომი ზრდა ისევ იქნება ინვესტიციების ჩადება არაფერში", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სოფიო ლებანიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მომავალი სტრატეგია დამუშავების ეტაპზეა.

ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველის შენიშვნებს ითვალისწინებს, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება, სოციალური რეაბილიტაციის პროექტის სათანადოდ ამოქმედება კი შორეული პერსპექტივაა.

No comments:

Post a Comment