
ამერიკელმა დიზაინერმა ქენეთ ქოლმა (Kenneth Cole) თავისი ბიზნესი ნიუ-იორქში 1982 წელს ფეხსაცმელების პირდაპირ თრეილერიდან გაყიდვით დაიწყო და დღეისათვის საკუთარი მოდის იმპერია შექმნა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ქოლი 1954 წელს ბრუქლინში დაიბადა, გარკვეული პერიოდი ათლანთაში სწავლობდა, ცხოვრობდა და იურისტობისთვის ემზადებოდა, საბოლოოდ კი მაინც გენებმა და ტრადიციებმა გადაძალა (მამამისი ჩარლი ქოლი ფეხსაცმლის მწარმოებელი კომანიის “El Greco”-ს პრეზიდენტი იყო) და ფეხსაცმლის ინდუსტრიას დაუბრუნდა. მაგრამ 1982 წელს, როდესაც მან მშობლიურ ქალაქში საკუთარი ბიზნესის დაფუძნება გადაწყვიტა, ბაზარი გადაჯერებული იყო უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი მოთამაშით, ხოლო ბიზნეს-ქრონიკა – არშემდგარ მეწარმეთა წარუმატებელი ისტორიებით.
ნიუ-იორქელებისთვის იმხანად სრულიად უცნობი დიზაინერისთვის საკუთარი მაღაზიის გახსნა დიდი ფუფუნება და გაუმართლებლად დიდი რისკი იქნებოდა, მაგრამ მოკრძალებული ფინანსებით მან ვერც პრესტიჟულ ადგილას მდებარე და სასურველი ზომის დარბაზის დაქირავება შეძლო. მაშინ ქოლმა მარტივ და გენიალურ გამოსავალს მიაგნო - ფეხსაცმელების გაყიდვა პირდაპირ თრეილერიდან დაიწყო, მაგრამ აქ სხვა წინააღმდეგობას წააწყდა – ქალაქის ხელმძღვანელობა დიდი ზომის მქონე ავტომობილებისთვის ხანგრძლივი დროით გაჩერების (ფარქინგის) ნებართვას მხოლოდ კინო-კომპანიებზე გასცემდა და ქოლმაც თრეილერისთვის ადგილი კინოფილმის – “ფეხსაცმლის კომპანიის დაბადება” ("The Birth of a Shoe Company") გადაღების მოტივით დაიქირავა, სწორედ მაშინდელი ეშმაკური მიგნების შედეგია, რომ ქენეთ ქოლის კომპანიას დღემდე კინო-ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სახელწოდება – “Kenneth Cole Productions, Inc.” შემორჩა.
No comments:
Post a Comment