
საქართველოში უმუშევართა დიდი არმიის მიუხედავად, დამსაქმებელს ხშირად ძალიან უჭირს საჭირო კადრის მოძიება. ვაკანსიის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიებში სამსახურის დაწყების მსურველთა არაადექვატური რეზიუმეები იყრის თავს. უმუშევრობა დღეს უმწვავესი პრობლემაა, მაგრამ სასურველი კადრის მოძიება - არანაკლები. საინტერესოა, რა მდგომარეობაა დღეს შრომის ბაზარზე, როგორ კადრებს აწვდიან უმაღლესი სასწავლებლები საქართველოს და როგორ ვიპოვოთ სამუშაო ადგილი?
უმუშევრობის ბოლოდროინდელი მაჩვენებლის ზუსტი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ერთადერთი, რისი თქმაც დაბეჯითებით შეიძლება, ისაა, რომ შარშანელთან შედარებით, უმუშევართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, უმუშევართა რაოდენობამ 2008 წელს 315 800 ადამიანი შეადგენდა, რაც 2007 წლის შედეგებზე 54 800-ით მეტია. გასული წლის სექტემბრის შემდეგ სამსახური კიდევ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. 2 წლის წინ საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი 13,6% იყო, ეს მაჩვენებელი 2009 წელს 16,4%-მდე გაიზარდა. თუმცა, ექსპერტები და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოში უფრო მეტი უმუშევარია, ვიდრე ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები გვეუბნებიან. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულად ითვლება ის, ვისაც 1 გოჯი მიწის ნაკვეთი მაინც გააჩნია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გაპარტახებული სოფლის მეურნეობის ფონზე, საქართველოში ყველაზე მეტი ღარიბი სოფლად ცხოვრობს.
ამას გარდა, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ უმუშევრობის სულ უფრო მზარდი ტენდენციის კვალდაკვალ, ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტიც თვალშისაცემი პრობლემაა. საქართველოს ეკონომიკური განვითარება კი, დიდწილად, კვალიფიციურ კადრებზეა დამოკიდებული, რათა საერთაშორისო დახმარებებზე დამოკიდებული ეკონომიკის ნაცვლად, ჩვენს ქვეყანაში კვალიფიკაციასა და მწარმოებლურობაზე დაფუძნებული ეკონომიკა განვითარდეს. ამ გზაზე საქართველოს განათლების სექტორის ხარისხი და მათ მიერ დასაქმების ბაზარზე გამოშვებული მუშა-ხელის კვალიფიკაცია გადამწყვეტია. მაგალითისათვის, ისეთი წარმატებული ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა, როგორიც ისრაელი, სინგაპური და შვეიცარიაა, პირველ რიგში, არა ბუნებრივი რესურსების, არამედ, სწორედ ადამიანური კაპიტალის აგრესიული განვითარების შედეგია. ამ ქვეყნებმა ძლიერი ეკონომიკები საკუთარ მოსახლეობაში ინვესტიციების განხორციელებით, განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის გაზრდით შეძლეს.
საქართველოში ერთ თვეში მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება იწყება. უკვე ვრცელდება სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ უნივერსიტეტს ანიჭებენ უპირატესობას აბიტურიენტები სწავლის გასაგრძელებლად. საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა "ილიას უნივერსიტეტზეა". გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, "ილიას სახელმწიფო უნივერსტეტში" წლევანდელ გამოცდებზე ერთი ადგილისთვის 58-მდე აბიტურიენტი იბრძოლებს. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში თითქმის 6-ჯერ ნაკლები - 10 აბიტურიენტი. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კონკურსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია, სადაც ერთ ადგილზე მხოლოდ 4 აბიტურიენტია. კერძო უნივერსიტეტებიდან კი " კავკასიის უნივერსიტეტი " ლიდერობს, სადაც ერთი ადგილისთვის 12 აბიტურიენტი იბრძოლებს. თავისუფალ უნივერსიტეტში ერთ ადგილზე 10 აბიტურიენტი მოდის. ინფორმაციისთვის: სახელმწიფო უმაღლესებში სწავლა 2250 ლარი ღირს, ხოლო კერძო უმაღლესებში სწავლის ქირა 2500 ლარიდან იწყება. საინტერესოა, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უმაღლესი სასწავლებლების სახელსა და პრესტიჟს სამუშაოს საშოვნელად, რამდენად ღირს საქართველოს პირობებისთვის კოლოსალური თანხების გადახდა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში?
ბოლოს დროს გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ უნივერსიტეტის პრესტიჟის გავლენა კანდიდატის შერჩევისას შეიმჩნევა, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა რაღაც მომენტში შეიძლება არც ქონდეს. სასურველი ვაკანსიის არჩევა, პირველ რიგში, ისევ და ისევ დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე, მის გამოცდილებასა და ბიოგრაფიაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება მისი მონაცემები გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს.
No comments:
Post a Comment