6/23/2010
ბელორუსს გაზის მიწოდება 60 პროცენტით შეუმცირდა
მოსკოვმა მინსკს გაზის მიწოდება 60 პროცენტით შეუმცირა. "გაზპრომის" ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, გადაწყვეტილება ბელორუსის დავალიანების გამო მიიღეს.რუსეთი ბელორუსს 192-მილიონიანი დავალიანების დაფარვას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზის 85-პროცენტიანი შეზღუდვით იმუქრება. "გაზპრომმა" მინსკს ბუნებრივ აირზე შეზღუდვა ორი დღის წინ დაუწესა, როცა გაზის მიწოდება ჯერ 15 პროცენტით, შემდეგ კი 30 პროცენტით შეუმცირა. რუსულ-ბელორუსულ გაზის კონფლიქტს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ "გაზის ომი" უკვე უწოდა. "გაზპრომის" მოთხოვნაზე, დაფაროს ბუნებრივი აირის საფასური, ლუკაშენკომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის გადაკეტვით უპასუხა. ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებით, "გაზპრომმა" ბელორუსს ნახევარი წლის ტრანზიტისთვის 260 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ევროპამ რუსული გაზის მიწოდების შემცირება იგრძნო. ევროპარლამენტის პრეზიდენტ ეჟი ბუზეკის თქმით, ამ ეტაპზე ევროპა ნაკლებ გაზს იღებს, ვიდრე ეს ადრე იყო და გაზის მიწოდების შემცირება გერმანიამ და ლიტვამ უკვე იგრძნო. მისივე განცხადებით, რუსეთ-ბელორუსს შორის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებულმა დაპირისპირებამ ევროპის ქვეყნები არ უნდა დააზარალოს. ბუზეკის თქმით, ევროპას, ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით, მეტი უსაფრთხოება და სტაბილურობა სჭირდება; უკიდურეს შემთხვევაში, ისინი გაზის შესაძლო შეწყვეტის შესახებ დროულად უნდა გააფრთხილონ, რაც ამჯერადაც არ მოხდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა ამ ეტაპზე გაზის შეწყვეტისთვის მზად არ არის. რუსეთ-ბელორუსის დაპირისპირებისგან ყველაზე მეტად ლიტვა, პოლონეთი და გერმანია დაზარალდება, რომლებიც ტრანზიტულ ბუნებრივ აირს ბელორუსის გავლით იღებენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment