5/26/2010

საქართველოში საკვები-პროდუქტების ვარგისიანობა არ მოწმდება

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში სურსათის მაღაზიები გასაყიდი პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ხშირად, მომხმარებელი პროდუქტს ბრენდის ცნობადობის მიხედვით ირჩევს, თუმცა ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ჯამრთველობისთვის ესა თუ ის პროდუქტი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე, დიდი რაოდენობით საკვებ-დანამატების შემცველი, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარებისასაა. საკვები- დანამატი პროდუქტს ამჟავებისგან და დაძველებისგან იცავს, თუმცა შესაძლოა საშიში დაავადებების გამომწვევიც იყოს. საერთაშორისო ნომერი, რომელიც პროდუქტში საკვებ-დანამატების შემცველობას გამოხატავს – E ასოთი აღინიშნება. მომხმარებელთა უფლებათა ფედერეცია, ზოგიერთი საკვებ-დანამატის შემცველი პროდუქტის გაყიდვას კრძალავს.
საქართველოში აკრძალული საკვებ-დანამატებია: E121, E123, E240, E924a, E924B ევროკავშირში კი შემდეგი - E103, E105, E111, E121, E125, E126, E130, E152, E181
E არარეკომენდირებული საკვებ-დანამატების სიაც საკმაოდ ვრცელია. მათი უმრავლესობა, კონკრეტული დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს.
“საკვები-დანამატების ხანგრძლივი მიღება - ორგანიზს იმუნიტეტს უქვეითებს. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული საკვების მიღებით არ არის გამოწვეული, დაავადება დროთა განმავლობაში სხვადასხვა საკვებ-დანამატების ერთმანეთთან შერევით მწიფდება”, - აცხადებს ტოქსიკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ინგა ღვინერია. საკვებ-დანამატებს ძირითადად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი შეიცავს - ე.წ. “ჩიფსები”, “ჩუპა-ჩუპსი”, “საღეჭი რეზინი” და სხვადასხვა ტკბილეული. პედიატრები ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რომელი საკვებ-დანამატი რომელ დაავადებას იწვევს, თუმცა ცალსახად აღნიშნავენ, რომ დაავადებების პროვოცირების საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს: “საკვები-დანამატების შემცველი პროდუქტების მიღება საშიშია. შეიძლება ბავშვთა ქცევის პათოლოგია, ღვიძლის დაზიანება და ავთვისებიანი სიმსივნეც გამოიწვიოს”, - ამბობს ბავშვთა პოლიკნინიკის პედიატრი ეთერ ლაბაძე.
იმის გამო, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს, პროდუქტების ვარგისიანობის კვლევა არ ხდება. სურსათის უვნებლობის სამსახურს მხოლოდ მონიტორინგის ფუნქცია აკისრია. ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებ-დანამატის შემცველი პროდუქტის იმპორტირების აღკვეთა მის უფლებამოსილებას აღემატება. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი ამბობს, რომ ვერც ერთმა კერძო ლაბორატორიამ ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლითაც საკვები პროდუქტების ვარგისიანობის გამოკვლევა შესაძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, 2011 წელს გაიხსნება სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც ამ კუთხით შესაბამის კვლევებს ჩაატარებს.
მომხმარებელი ამ პრობლემის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია. უემეტესობა, პროდუქტის შეძენისას მის შემცველობას ყურადღებას არ აქცევს. ექიმების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მანამ, სანამ შესაბამისი ლაბორატორია შეიქმნება, მოსახლეობას სთხოვენ პროდუქტის შეძენისას E ასოთი აღნიშნულ საკვებ-დანამატის საეთაშორისო ნომერს ყურადღებით დააკვირდნენ.

No comments:

Post a Comment