
აღდგომის დღესასწაულს საკუთარ სახლში 386 პატიმარი შეხვდა. სააღდგომო შეწყალების რეზოლუციას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა. მიხეილ სააკაშვილმა სულ 431 მსჯავრდებულის შეიწყალა. ამათგან 66 ვადაზე ადრე გათავისუფლდა, 38 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, 7-ს პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეეცვალა, 386 კი სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლდა. შეწყალებულთა სიაში 42 ქალი მოხვდა. საქართველოს მასშტაბით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოშვება 3 აპრილს, შუადღის 2 საათისთვის დაიწყო.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან. მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შეიცვალოს ან შემცირდეს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. თუმცა ვიდრე შესაწყალებელ მსჯავდებულთა სია პრეზიდენტს წარედგინება, პატიმართა საქმეებს შეწყალების კომისია განიხილავს, რის შემდეგაც კომისიის წევრები თითოეულ პატიმარზე გადაწყვეტილებას იღებენ და პრეზიდენტს შესაწყალებლად პატიმართა სიას უგზავნიან.
იმისათვის, რომ პატიმარმა პრეზიდენტის შეწყალება მიიღოს, აუცილებელია მას ჰქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დადებითი დახასიათება. იმ შემთხვევში, თუ შეწყალების მსურველ მსჯავდებულთა მონაცემები ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, იმ განცხადებების საერთო ოქმი იქმნება, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება.
“უდოს” კომისიამ პატიმრების საქმეები შესული განაცხადებების საფუძველზე განიხილა. სააღდგომოდ შესაწყალებელ პატიმართა უმეტესობა სასჯელს საშუალო და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, კომისიამ ძირითადად 2009 წლის დეკემბერში და 2010 წლის იანვარსა და თებერვალში შესულ განცხადებებზე იმსჯელა. მათ შორის მძიმე დანაშაულში მსჯავდებული პირების საქმეებიც იყო.
”შეწყალების კომისია ყველა ტიპის ბრალდებულთა საქმეს განიხილავს. მათ შორის, ნარკოტიკების შენახვა-გასაღებაზე და მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულთა საქმეებსაც.
ამ შემთხვევაში, შეწყალების სახელმწიფო კომისამ რეკომენდაცია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავდებულ პატიმრებს გაუწია. კომისიის მიერ განხილული საქმეებიდან დაახლოებით მეოთხედზე რეკომენდაციები გაიცა. შეწყალებული პატიმრებიდან უფრო მეტი გათავისუფლდა, ხოლო შედარებით ნაკლებს სასჯელი გაუნახევრდა”, - აღნიშნავს თევდორაძე.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ლაშა თოდრია განმარტავს, რომ შეწყალებაზე რეკომენდაციების გაწევისას კომისიამ გაითვალისწინა პატიმართა სოციალური მდგომარეობა, დანაშაულის სიმძიმე და მსჯავრდებულის საპატიმროში ყოფნის ვადა.
შეწყალების კომისიაში განსახილველად შესულ განცხადებებში 9 არასრულწლოვნის საქმეც იყო, თუმცა კომისიამ არცერთ მათგანს რეკომენდაცია არ გაუწია.
ელენე თევდორაძის განმარტებით, იმ 9 არასრულწლოვანს, რომელთა საქმეებიც შეწყალების კომისიაში იყო შესული სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი არ ჰქონდა.
”გარდა ამისა, ისინი მსჯავდებულნი იყვნენ მძიმე კატეგორიის დანაშაულში, შესაბამისად შეწყალების კომისიამ არცერთი მათგანის განცხადება არ დააკმაყოფილა”, - აღნიშნა თევდორაძემ.
თორდიას თქმით კი, იმ არასრულწლოვნებს, რომელთა მიმართ შეწყალების კომისიამ რეკომენდაციები არ გასცა, შეუძლიათ სასჯელის ნახევარზე მეტის მოხდის შემდეგ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ხელახლა მიმართონ.
ქვეყანაში ბოლო შეწყალება 2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელდა.
No comments:
Post a Comment