5/26/2010

ყვავილების ბიზნესი თბილისში

თბილისი რომ “ყვავილების ქალაქია” ერთ რომელიმე ქუჩაზე გახსნილი მინიმუმ 5 ყვავილების მაღაზიიდან შეგვიძლია დავასკვნათ, თუმცა ამ ბიზნესში ყოფნა რამდენად მომგებიანი და სარფიანია ამის გასარკვევად შევეცადე რამდენიმე მაღაზიის მეპატრონის,კონსულტანტისა და ე.წ. “ყვავილების ბაზრობის” მოვაჭრეებისაგან გამეგო.ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მდებარე ყვავილების მაღაზიაში ამ მაღაზიის მეპატრონესა და დიზაინერს შევხვდი. როგორც საუბრისას გაირკვა, ბატონი დავითი ამ ბიზნესში უკვე 9 წელია რაც ჩაბმულია. დღეში საშუალო შემოსავალი 100 ლარამდეა, ხოლო დღესასწაულის დღეებში მაქსიმალური მოგება 500 ლარსაც აღწევს ხოლმე. მაღაზიაში ძირითადად მინდვრის ყვავილებზეა მოთხოვნა. ფასები თაიგულზე საშუალოდ ერთი ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს, ხოლო . სადღესასწაულო (საქორწილო) ბუკეტები შედარებით უფრო ძვირი, დაახლოებით 80-100 ლარი ღირს. ზამთრის განმავლობაში ყვავილების ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან ხდება: ჰოლანდია, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში კი მაღაზია ძირითადად ადგილობრივი ყვავილით ვაჭრობს.ვაჟა-ფშაველას ამ მონაკვეთზე ყვავილების 3-4 მაღაზიაა. მაღაზიის მეპატრონემ განმიმარტა, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა ბევრად საინტერესო ხდება. მათი მაღაზია კლიენტების მოზიდვას ნორმალური ფასებითა და ბუკეტის ორიგინალურობით ცდილობს. დიზაინების თქმით ბევრმა “მეყვავილემ” არც კი იცის ბუკეტის აწყობა, მომხარებელი კი ძირითადად გემოვნებით გაწყობილ და კარგად შეფუთულ საქონელს მოითხოვს. მაღაზიაში ორი თანამშრომელი მუშაობს, დიზაინერი და გამყიდველი. მათი ყოველთვიური ანაზღაურება მოგებული თანხით არ განისაზღვრება,
ისინი ძირითადად სტაბილურ ხელფასს იღებენ, თუმცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყვავილების ბიზნესსაც შეეხო და გათვალისწინებული პირობებიდან გამომდინარე მაღაზიის თანამშრომლები ბოლო რამოდენიმე თვეა უხელფასოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე “ყვავილების ბაზრობაზე” მოვაჭრეების უმრავლესობამ კითხვებზე პასუხის გაცემას რატომღაც თავი აარიდა, თუმცა მოვაჭრეთა შორის აღმოჩნდა რამდენიმე პიროვნება, რომლებსაც პირიქით, დიქტოფონის დანახვისას საკუთარი საქმე დაავიწყდათ და თავიანთი პრობლემების მოყოლას შუედგნენ. როგორც ბატონი ზაზას მონაყოლიდან შევიტყვე, იგი ამ საქმიანობას უკვე 20 წელია ეწევა, თუმცა არა სტაბილურად, მხოლოდ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, რადგან ზამთარში ადგილობირივი ყვავილი არ არის და უცხოეთიდან შემოტანილ ყვავილს შედარებით მაღალი ფასი აქვს, აქედან გამომდინარე ნავაჭრიდან მოგებაც ნაკლები რჩება.წლების განმავლობაში მყიდველები ძირითადად ვარდებს მოითხოვდნენ, ამიტომ ბატონმა ზაზამ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ვარდებით ვაჭრობა გადაწვიტა, თუმცა დღის ბოლოს თანხის მაღალი რაოდენობით თითქმის მაინც ვერასდროს იკვეხნის. დღეში დაახლოებით 20-30 ლარს თუ ივაჭრებს ხოლმე. თითოეული ვარდის ფასი, ხარისხისა და ფერის მიხედვით 50 თეთრიდან მაქსიმუმ 3 ლარამდეა. ყვავილების რიგის ბოლოში ხანშიშესული ქალბატონი ახალ ბუკეტს ამზადებდა გასაყიდად. ქალბატონი მალვინა ამ “დიდი ოჯახის” ახალშემომატებული წევრია. იგი ამ ადგილას უკვე მეორე წელია ყოველ დილით ლამაზ-ლამაზ ბუკეტებს აკეთებს და გასაყიდად აწყობს.ქალბატონ მალვინას ყვავილების ამ რიგში მინდვრის ყვავილებისაგან გაკეთებული ყველაზე დიდი ბუკეტები უდევს. მათი ფასი 100-150 ლარია. კონომიკური კრიზისის მოუხედავად ეს ქალბატონი დღეში 5-6 ბუკეტს მაინც ყიდის (“ღმერთმა ამრავლოს შეყვარებული ბიჭები”), შესაბამისად დღის ბოლოს საკმაოდ სოლიდურ თანხას აგროვებს. მინდვრის ყვავილები ძირითადად სოფელ დიღომში მდებარე საკუთარი სახლიდან მოაქვს, მასალას კი ნაცნობი ქალებისაგან ყიდულობს. მისივე თქმით ამ “დიდ ოჯახში” მას ყველაზე მეტად უმართლებს ყოველთვის, თუმცა მაინც უკმაყოფილოა, რომ სახელმწიფო მას აქ დგომის საფასურს ახდევინებს. ზამთარში უფრო მომგებიანი ხმელი ყვავილებისგან დამზადებული თაიგულებია. თუმცა მათი ფასი შედარებით დაბალია, მაგრამ საწუწუნო მაინც არაფერია, რადგან ადგილობრივ სათბურებში ნებისმიერ ყვავილს “ცეცხლის ფასი აქვს”!როგორც თავად მოვაჭრეებისაგან და ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ გავიგე, აქ თითოეული მოვაჭრის საშუალო თვიური შემოსავალი დაახლოებით 100 ლარს უდრის. თბილისში მდებარე ყვავილების ე.წ. ძვირადღირებული მაღაზიებიდან პირველ რიგში ირ.აბაშიძის გამზირზე მდებარე მაღაზია “ფლოწერს-გე”-ში მივედი. კონსულტანტი გოგონა საკმაო თავაზიანობით გამოირჩეოდა და მომღიმარი პასუხობდა ჩემს მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას. ამ მაღაზიის მუდმივი კლიენტების სიაში თბილისის ე.წ. ელიტის წარმომადგენლები არიან, რომელთა გემოვნებას თურმე მხოლოდ ძვირადღირებული თაიგულები და განსაკუთრებით იშვიათი ჯიშის ყვავილები აკმაყოფილებს. მაღაზიაში ყველაზე იაფასიანი თაიგული 30 ა.შ.შ. დოლარის ღირებულებისაა . ფასები თაიგულის ზომისა და ყვავილის სახეობის მიხედვით დაახლოები 300 დოლარამდე იზრდება. მომსახურებაში შედის ნებისმიერი დიზაინის თაიგულის დამზადება. შეკვეთები მიიღება ვარდის, ქრიზანთემას, ლილიას, გერბერას, ორქიდეასა და სხვა ეგზოტიკური ყვავილების თაიგულებზე კლიენტის ნება-სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისად. მაღაზიის დღიური საშუალო შემოსავალი ხშირად 500 დოლარსაც სცდება. მაღაზიას აქვს ინტერნეტსაიტი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია შეიძინოს თაიგული. ამ შემთხვევაში გადახდა ხდება პლასტიკური ბარათითა და ანგარიშსწორებით.. …დამატებით მომსახურებაში შედის თაიგულის მიტანა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ნებისმიერ მისამართზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა ცალკე ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დღის საათებში , დილის ცხრა საათიდან, საღამოს ათ საათამდე მომსახურება თბილისის ტერიტორიაზე შეადგენს 7 ა.შ.შ. დოლარს, ხოლო საღამოს ათი საათიდან დილის ცხრა საათამდე ტარიფი 14 დოლარამდე იზრდება. მანძილის გაზრდასთან ერთად ფასებიც რაღა თქმა უნდა, მატულობს.ზემოთ დასახელებული ინტერნეტსაიტის მეშვეობით გავარკვიე, რომ მაღაზიის ძირითადი მიმართულებებია კორპორატიული მომსახურება,საქორწილო ფლორისტიკა, დღესასწაულების გაფორმება, ინტერიერის გაფორმება და სამგლოვიარო ფლორისტიკა, თუმცა ამ “ფუფუნების” ფასები საიტზე მითითებული არ არის. პეკინის გამზირზე მდებარე ყვავილების სალონ “ფიორიში” შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოუცლელობის გამო თავი აარიდეს, ამიტომ გადავწყვიტე მინიმალური მაინც ინტერნეტსაიტის საშუალებით შემეტყო. აქ ფასები 77-ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს. ინტერნეტსაიტის მეშვეობით ყვავილების შეკვეთა შესაძლებელია ადგილზე მიტანით, ან მიტანის გარეშე, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად. ადგილზე მიტანის სამსახური მუშაობს ყოველ დღე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა ამ მომსახურების ფასები მითითებული არ არის. მაღაზიაში ასევე შეიძლება ქოთნის იშვიათი ყვავილების შეძენაც, რომლეთა ფასებიც ასევე არ არის მითითებული. მაღაზია “ფიორის” მომსახურებით მრავალი მსხვილი კომპანია თუ კერძო პირი სარგებლობს, შესაბამისად ფასები არცთუ ისე დაბალია. როგორც ჩანს ყვავილების ბიზნესით თბილისში ზოგიერთი მოვაჭრე და მაღაზია კმაყოფილია, ზოგი კი – არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება : თბილისის ყველა ქუჩაზეა გამოფენილი ფერად-ფერადი ყვავილები გასაყიდად.













No comments:

Post a Comment